Blog Image

წარმატებული ბიზნესის დამალული რეცეპტი (ნაწილი - მეორე)

მაშ ასე. ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ პროდუქტი და ახლა უნდა დავსახოთ სტრატეგია - როგორ ვაცნობოთ მომხარებელს ამის შესახებ მაქსიმალურად ეფექტიანად. სხვაგვარად აზრი ეკარგება ყოველივეს. რად გვინდა საუკეთესო პროდუქტი თუ ვერ მივაწვდინეთ ხმა ადრესატს? :)

ინტერნეტი კომუნიკაციის სხვადასხვა ეფექტურ არხებს გვთავაზობს. ამ პოსტში განვიხილავთ რამდენიმე ძირითადს.

უპირველეს ყოვლისა თქვენი ვებ გვერდი. ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილია კომპანიის ციფრული კამპანიისათვის. ეს ხომ თქვენი ელექტრონული მისამართია, თქვენი ელექტრონული ოფისია. 90% მომხმარებელი ვინც თქვენს შესახებ გაიგებს - პირველ რიგში ეწვევა თქვენს ვებ გვერდს („დაგუგლავს“), ხოლო მათგან 60% ნახავს მხოლოდ პირველ გვერდს. ამ გზით უყალიბდება მომხმარებელს პირველი (და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი) აზრი თქვენს შესახებ. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ვფიქრობ გასაგებია რაოდენ მნიშვნელოვანია ვებ გვერდის სათანადოდ მომზადება. მისი აწყობისას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს თითოეულ დეტალს - ვიზუალს (დიზაინი), ტექსტს (კონტენტ მარკეტინგი), ფრაზათა თანმიმდევრობას (SEO), ტექნიკურ მხარეს (პროგრამირება) და სხვ. ამასთან ეს ყოველივე უნდა მოდიოდეს ჰარმონიაში პროდუქტთან, რომელსაც ვყიდით. როგორც წესი სრულყოფილი ვებ გვერდის აგებაზე ზრუნავს სპეციალისტთა მთელი ჯგუფი. თუმცაღა დეტალებში აღარ ჩავალ - რა როგორ უნდა გაკეთდეს (ეს სრულიად სხვა თემაა), გადავალ პირდაპირ მის „გახმაურებაზე“.

ინტერნეტი გვაძლევს რეკლამის რამდენიმე ეფექტურ საშუალებას. 1. Google საძიებო სისტემა; 2. სოც. ქსელი - FaceBook; 3. სარეკლამო ბანერები.

Google საძიებო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიის პოპულარიზაციისათვის. სისტემა ასე მუშაობს: მომხმარებელი მისთვის საინტერესო საკითხს რა თქმა უნდა პირველ რიგში ეძებს გუგლის საძიებო სისტემაში - ასე მაგალითად ჩაწერს „ იურიდიული მომსახურება“ - შესაბამისად გუგლი ანახებს მას კომპანიების გვერდებს, რომელიც ამ საქმიანობით არის დაკავებული. ზოგიერთი ვებ გვერდი არის „ფასიანი რეკლამის შედეგი“ ხოლო ზოგი პოპულარობის მიხედვით. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ნაჩვენები კომპანიების სიის პირველ გვერდზე მოხვედრა. თავად დაფიქრდით რამდენჯერ გადასულხართ მეორე გვერდზე რამის საძებნად? მართალია - არ გახსოვთ. ანუ თითქმის არასდროს. მაშ როგორ მოვხვდეთ საძიებო სისტემის პირველ გვერდზე? ეს მთელი ერთგვარი „ხელოვნებაა“. იმისათვის რომ ეს გავიგოთ ცოტა დეტალებში უნდა ჩავიხედოთ. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ Google-ს გააჩნია 2 სახის რეკლამა. 1 - რეკლამა „კლიკის“ მიხედვით - ანუ თანხას ვიხდით თითოეულ დაკლიკებაზე მომხმარებლის მიერ. 2 - რეკლამა ჩვენებით - თანხას ვიხდით იმის მიხედვით თუ რამდენ მომხმარებელს ანახა. როგორც წესი უფრო პოპულარული და ეფექტურია რეკალმა კლიკის მიხედვით (თუმცა არა ყოველთვის). მაგრამ ამა თუ იმ სერვისზე რეკლამაში გადამხდელი სავსებით შესაძლებელია იყოს იმაზე მეტი, ვიდრე პირველ გვერდზე ეტევა. ამიტომ ყველაფერი მარტივად - თანხის გადახდით როდი გვარდება. Google თითოეულ საიტს ანიჭებს გარკვეულ ქულას - ერთეულს, რომლის სიდიდე სხავადსხვა ფაქტორებზეა დამოკიდებულია. შემდეგ ამრავლებს ამ ერთეულს იმ თანხაზე რომელსაც ჩვენ გადავიხდით თითოეულ კლიკში და მიღებული საბოლოო რიცხვითი მაჩვენებლების მიხედვით ლაგდება ვებ გვერდები სიდიდის თანმიმდევრულად. უფრო დეტალურად აღარ ჩავყვები ამ საკითხს. თუ მკითხველს დააინტერესებს - დაგვიკავშირდით და აბსოლუტურად უფასოდ გაგიწევთ კონსულტაციას.

კომუნიკაციის მეორე მნიშვნელოვანი არხი არის სოციალური გვერდი: Facebook, LinkedIn, Instagram, Youtube, Google Business და სხვა. თითოეულ მათგანს თავისი დატვირთვა და დანიშნულება აქვს. ასე მაგალითად Youtube გამოიყენება მულტიმედიური მასალის გასაზიარებლად (ვიდეო, ანიმაცია), LinkedIn ძირითადად ბიზნეს მიმართულება, Facebook - ყველაზე პოპულარული მრავალფუნქციური სოც ქსელი. შეიძლება დაგებადოთ კითხვა - თუ მაქვს კარგი ვებ გვერდი რაღად მინდა სოციალური მედიის გვერდიც? ამის მიზეზი რამდენიმეა - სოციალური სივრცე არის ერთგვარი „ციფრული თავშეყრის“ ადგილი, სადაც უამრავი თქვენი მომხმარებელი იმყოფება. შესაბამისად თქვენი კომპანია და პროდუქტიც უნდა იყოს აქ წარდგენილი სათანადოდ. სოციალურ გვერდს აქვს უფრო „პირდაპირ ურთიერთობის“ დანიშნულება - „ლაივ ჩატი“, სიახლეების გაზიარება. სოციალური გვერდი არის ასევე რეკლამის ერთ ერთი საუკეთესო საშუალება. FaceBook ყველაზე პოპულარული და დღეს დღეობით ძალიან ეფექტური სარეკლამო არხი - საშუალებას გვაძლევს ძალიან კონკრეტულად მოვახდინოთ სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და მხოლოდ მათზე სარეკლამო მასალის ჩვენება. შეგვიძლია მოვახდინოთ კონკრეტიკა - ადგილმდებარეობის, სქესის, ასაკის, საქმიანობის სფეროს და სხვა მაჩვენებლების მიხედვით. რა თქმა უნდა ამ მიმართულებასაც თავისი ხრიკები გააჩნია - როდის ჯობია რომ რეკლამა გაუშვა, რა უნდა დაარეკლამო და როგორ, და სხვა.

ვფიქრობ პოსტი უკვე საკმაოდ გაგვიგრძელდა და ამიტომ აქ დავასრულებთ ამ თემაზე საუბარს. იმედია მკითხველო საინტერესო ინფორმაცია მიიღე და იცოდე რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია დაგვიკავშირდე და შეგკვეკითხო ის რამაც დაგაინტერესა. ჩვენ მუდამ მზად ვართ უფასოდ გაგიწიოთ კონსულტაცია. გახსოვდეთ, რომ სულელური შეკითხვა არ არსებობს. სულელობა იქნება შეკითხვის არ დასმა.

გაგრძელება იქნება ...

კომენტერები